იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
ახალი ამბები
საერთაშორისო პროექტმა – „კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განახორციელა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, იტალიაში, კერძოდ კი ქ. ფლორენციაში, ამჟამად ქ. ბათუმში გადმოინაცვლა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა”-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ” გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის” დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა”-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში 13-20 ნოემბერს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი “კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში” განხორციელდა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რომაულდო დელ ბიანკოს ფონდის, ორგანიზაცია „რონდინე”-ს, საქართველოს საპატრიარქოს, რობერტ კენედის ფონდის, ერნესტო ბალდუჩის ფონდის, აჭარის სკოლა „გორდა”-სა და სხვადახვა ქვეყნის უნივერსიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში რვა ქვეყნა იღებდა მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ აფხაზი ახალგაზრდები.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ლექციები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) წაიკითხეს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფლორენციაში ქართველების, აფხაზებისა და ჩეჩნების მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
პროექტის მე-2 ეტაპი იგეგმება საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო ინტერკულტურულ ფორუმს ითვალისწინებს.