ბექა ღვაჩლიანი შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

ბანაკი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, სადაც 100-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს მათი ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას, ღონისძიების დასასრულს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ.

ბანაკის კულმინაციური ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბანაკის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ბანაკი ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვან დასვენებას, არაფორმალურ განათლებასა და თვითშემეცნებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებელი სოციალური ინტეგრაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, ეთიკის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებისათვის.

ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აფხაზეთის იუსტიციისა დაუ სამოქალაქო  ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.