-
პროგრამები
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
-
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა
-
დიალოგი კულტურის ენაზე
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულა.
მინისტრის პირველი მოადგილე ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლებს, ასევე სენაკში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლასა და ჩხოროწყუში არსებულ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესს, დაათვალიერა სკოლების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო. სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისგან, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან ინფორმაცია მოისმინეს მათი საჭიროებების შესახებ და, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაიზიარეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 13 საჯარო სკოლა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განაწილებული. აფხაზეთის საჯარო სკოლებში 2 351 მოსწავლე ირიცხება და 312 მასწავლებელია დასაქმებული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ახალგაზრდული ინიციატივების საპროექტო განაცხადებს არაუმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს.
აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობასა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებებით:
ა) ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებისა და პრაქტიკული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, სამოქალაქო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა;
ვ) ახალგაზრდების თანამშრომლობისა და მონაწილეობისათვის ერთობლივი და მონაწილეობითი პლატფორმებისა და სერვისების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა.
დაფინანსების მიმღებები არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ), რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდულ საკითხებთან.
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე. ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის „აფხაზეთი“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსი II ეტაპად ჩატარდება და აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობის, ნოველის ან მინიატურის) შექმნას ითვალისწინებს.
ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
კონკურსის გამარჯვებული პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.
განაცხადები 15 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.
მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კონკურსის დეტალური აღწერა იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე
განაცხადები მიიღება ელექტრონულად:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე
ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: meca@gov.ge
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ. მათ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 10 ღვაწლმოსილი პედაგოგი გამოავლინა და მასწავლებლის ეროვნულ პრემიასთან ერთად, 10 000 ლარით დააჯილდოვა.
გამარჯვებულ მასწავლებლებს შორის იყო აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ლომთაძე. აფხაზეთიდან დევნილი მასწავლებელი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებითა და მათი იდეების ხელშეწყობით გამოირჩევა. სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს არაფორმალურ განათლებას, ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების, დებატების, მეტყველებისა და მკითხველთა კლუბებს. 2024 წელს იგი აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს „დევნილთა უღელტეხილი“ დაესწრნენ.
ნიკოლოზ რობაქიძის პიესა გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების მოთხრობითაა შთაგონებული და დევნილობის მძიმე გამოცდილებას, მშობლიურ სახლთან განშორებას, ომის ტრაგედიასა და დაბრუნების იმედს ასახავს.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მწერალი გურამ ოდიშარია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი ფესტივალის „ციფრული სოხუმი“ ფარგლებში დაიდგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ მიმართეს.
მინისტრმა მასწავლებლებს მოპოვებული აღიარება მიულოცა და საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,თანამედროვე განათლება უწყვეტ განვითარებასა და კომპეტენციის მუდმივ ამაღლებას მოითხოვს. ამ პროცესში არსებითია როგორც თავად პედაგოგის მოტივაცია და განვითარებაზე ორიენტირებულობა, ისე ინსტიტუციური მხარდაჭერა და პროფესიული მიღწევების სათანადო დაფასება. გვჯერა, რომ მასწავლებლის შრომის აღიარება ხელს უწყობს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას და დაჯილდოებულ პედაგოგებთან ერთად, მათ კოლეგებსაც ახალისებს პროფესიული განვითარებისკენ ", - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.
წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდნენ. შერჩეული კანდიდატები სწავლების თანამედროვე, ინოვაციური, მოსწავლესა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მეთოდებით, მოსწავლეთა შედეგების დადებითი დინამიკითა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვით გამოირჩევიან.
7 ღვაწლმოსილი პედაგოგი და წლის სამი საუკეთესო მასწავლებელი ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს. აფხაზეთის საჯარო სკოლების 5 მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელი გადაეცა.
საღამო მუსიკალურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" გააფორმა, ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრმა გაუწია.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 141-ე თეატრალური სეზონი პრემიერით ,,სამი ფათერაკიანი დღე" გაიხსნა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
,,სამი ფათერაკიანი დღე", ჯერომ სელენჯერის ცნობილი მოთხრობის ,,თამაში ჭვავის ყანაში" მიხედვით, ალექსანდრე ქანთარიამ დადგა. სპექტაკლი ახალგაზრდა გმირის მეტამორფოზასა და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი ჰოლდენ კოლფილდი, რომლის როლსაც ნიკოლოზ ტყავაძე ასრულებს, მოულოდნელ თავგადასავალში ეხვევა და სკოლაში, ოჯახში, სასიყვარულო ურთიერთობებსა თუ ქუჩის ცხოვრებაში გამოწვევების წინაშე დგება, რაც მის ცხოვრებას სულ რამდენიმე დღეში თავდაყირა აყენებს.
სოხუმის დრამატული თეატრის 2026-2027 წლების თეატრალური სეზონი მაყურებელს ბევრ სიახლეს, საინტერესო დადგმებსა და სცენაზე გაცოცხლებულ ისტორიას პირდება.
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ციფრული ფესტივალის „ციფრული სოხუმი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. სპექტაკლისათვის „ხანძარი“ საუკეთესო მხატვრობის პრიზი თამარ ჭავჭანიძეს გადაეცა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ნინო ლეჟავა გახდა.
ფესტივალის დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი დაესწრო. ღონისძიებას გურჯაანის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
დასკვნით საღამოზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალის გრანპრის მფლობელი კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ხიდი“ გახდა.
დაჯილდოებას ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სამინისტროს, მონაწილე თეატრების წარმომადგენლები, მსახიობები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „ამბასადორი კაჭრეთის“ მხარდაჭერით განხორციელდა. წელს ხუთმა პარტნიორმა თეატრმა როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ხუთი შერჩეული პიესა დადგა. სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით, ლაშა შეროზიას რეჟისორობით სპექტაკლი ,,ხანძარი" წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიასთან ერთად, უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ცენტრის გახსნა მიულოცა და მისასალმებელ სიტყვაში, სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სამშვიდობო სწავლების ცენტრი, უნივერსიტეტში არსებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ბაზაზე, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. ფესტივალთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების შესახებ საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები მოეწყო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ქალაქ ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას, სამშვიდობო განათლების მიღებას და ამისათვის უნივერსიტეტისა და სხვა აკადემიური რესურსების გაერთიანებას.
ცენტრის დაარსების ინიციატივა 2022 წელს გაჩნდა, როდესაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სამშვიდობო ცენტრი გაიხსნა. წელს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.