1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
"14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ტრაგიკული დღეა. მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა და სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა.