აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2025 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ბესიკ კუსიდიმ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს განხორციელდა. მოხსენების ფარგლებში, მინისტრმა ასევე სამინისტროს 2026 წლის გეგმები წარადგინა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც სამინისტროს პროგრამული ნაწილის დაფინანსების უპრეცედენტო ზრდასა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული და უანგარო წვლილისთვის პარტნიორი კლინიკებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.