მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბის ფილარმონიაში, ანსამბლ „შავნაბადას“ მეორე კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანსამბლ „შავნაბადას“ აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან ის ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენს ანსამბლს შესაძლებლობა აქვს, ასეთ მნიშვნელოვან დარბაზებში გამართოს კონცერტები. დღეს ამაყები ვართ, რომ მოვახერხეთ ქართული კულტურის კიდევ ერთხელ ღირსეულად გატანა ევროპაში. აფხაზეთის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ ჩვენი ანსამბლები ასე მასშტაბურად წარდგნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენი მომავალი მხოლოდ ერთობაზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე იქნება დამყარებული“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით მომზადებულმა ახალმა საკონცერტო პროგრამამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ ქართული და აფხაზური ფოლკლორის შედევრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები. ანსამბლთან ერთად მაყურებლის წინაშე მომღერალი ლიზა ბაგრატიონი წარდგა.
საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის განსაკუთრებული მრავალფეროვნება და ის საერთო კულტურული ფასეულობები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ისტორიასა და ტრადიციებს აერთიანებს. შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
კონცერტს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
