გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღო მონაწილეობა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით, იოჰან სებასტიან ბახის არია და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი შესრულდა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრებთან ერთად დაესწრო. დამსწრეებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის, კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოსა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის კაპელასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, გორის ქალთა გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი; სოლისტები - იანო ალიბეგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თორნიკე პაპიძე და გიორგი ჭელიძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს, ასევე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
