10-11 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.
საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.
საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ ყოფას.
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა.
საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.
ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისიამ 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“ გახდნენ.
კონკურსი გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე ყოველწლიურად ცხადდება და ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შედგა შეხვედრა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს ქ.ზუგდიდში, ბაგა- ბაღი, N – 10. ჩასახლებაში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი, 20 პირი.
დევნილები ითხოვენ აღნიშნული ობიექტიდან გაყვანას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას.
შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორული ორგანოს, სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ანზორ გამისონია.
ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თამარის დასახლების გამგებელი თემურ ბაკურიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია.
სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები დაურიგდა, დევნილებს ასევე COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.
რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიმართ გამოხატავს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მოახლოებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თამარის დასახლების გამგებელი თემურ ბაკურიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია.
სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები დაურიგდა, დევნილებს ასევე COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისიამ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“; ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის; ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“; შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ყოველწლიურია და ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს, (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო, აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14-22 დეკემებერს, გაიმართება ვებინარები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგები ხორციელდება კემბრიჯის განათლების ცენტრის თანადგომით.
ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერესის სფეროში დახელოვნების ხელშეწყობა, ტრენინგებით გათვალისწინებული საკითხებით მსმენელის დახმარება, გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტები და ტექნიკა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს.
მონაწილეები ტრენინგების განმავლობაში გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
1. ჯანსაღი ახალგაზრდობის პოლიტიკა- 14 დეკემბერი 2. როგორ შევარჩიოთ პირველი სამსახური - 16 დეკემბერი 3. გზა პირველი ბიზნეს იდეიდან მის განხორციელებამდე - 18 დეკემბერი 4. როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა - 22 დეკემბერი.
ტრენინგების განხორციელების განრიგი: 14 – 22 დეკემბერი. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად. ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს შედგა შეხვედრა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,, ყოფილი მექანიკური ქარხანა,” სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 8 ოჯახი, 18 პირი. აქედან სოციალურად დაუცველი არის 1 ოჯახი.
დევნილები ითხოვენ აღნიშნული ობიექტიდან გაყვანას და საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას.
შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ანზორ გამისონია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე.
თავის მხრივ ანდრიუს კალინდრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ლიეტუველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.
მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჯვარის და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა. აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე, COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა.
COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
2020 წლის 26 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა. გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენება, დისტანციური რეჟიმის ფორმატში გააკეთა მინისტრმა - კონსტანტინე კუჭუხიძემ. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტების/ფრაქციების წევრებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტების, ფუნქცია-მოვალეობების, შესრულებული სამუშაოს, სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (ყიფილი მთავრობის წარმომადგენლობები) განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებისა და სისტემური ცვლილებების შესახებ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა Covid-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლოდ დაგმილ აქტივობებზე. ანგარიშის მოსმენის შემდგომ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები, 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის გეგმით, რიგ მუხლებში გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის, დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი საკითხების აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებებში დუბლირების, დევნილთა სოციალური და ყოფითი პრობემების გადაწყვეტაში სამინისტროს მეტად ჩართულობის საჭიროების, სამინისტროს ფუნქციების გაზრდის აუცილებლობისა და სამინისტროზე ამჟამად დაკისრებული მოვალეობების მეტად ეფექტურად განხორციელების შესახებ. ანგარიშის მოსმენა და მასზე მსჯელობა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მინისტრის მიერ მოისმენილ იქნა ყველა ის კითხვა თუ მოსაზრება, რომელიც გამოთქმულ იქნა ანგარიშის განხილვისას, რაზედაც, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები/მოსაზრებები. ანგარიშის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები, წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროს მიერ იქნება შეფასებული და კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ. ტერიტორიული ორგანოს მოადგილე ნათია კოპალიანი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. პირველი კორპუსის პირველ სადარბაზოს თავზე დაზიანებულია სახურავი, კერძოდ: სახურავის ნაწილზე ამორტიზებულია თუნუქი და წვიმის დროს წყალი საცხოვრებელ სახლებში ჩადის და ზიანს უქმნის მობინადრეთა ჯანმრთელობას. ასევე, წყალგამტარ მილებზე არ არის დამაგრებული წყალმიმღები ძაბრი, ძლიერი ქარის დროს მოტყდა და დაზიანდა. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას შესაბამის სპეციალისტთან ერთად და ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ჩაერთვება მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.