-
პროგრამები
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
-
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა
-
დიალოგი კულტურის ენაზე
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს და ამ პრობლემებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდა.
დამსწრეთ მოისმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მოხსენება სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმეებსა და გეგმებზე. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი მუდმივად დგას საგარეო უწყების დღის წესრიგში, როგორც UNESCO-სთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების დროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხში მისი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მისივე განცხადებით, სამინისტრო ყველა საშუალებას იყენებს UNESCO-ს მისიი სსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მივლინების უზრუნველსაყოფად. სხდომაზე ითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, 2015 წლის მარტიდან გაიხსნა „აფხაზეთის დარბაზი- სოხუმი“, სადაც გამოფენილია კულტურული მეკვიდრეობის ნიმუშები(იგეგმება ასევე ყოფილი ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დარბაზის შექმნა).
აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმეა და თანამშრომლობისთვის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2015 წელს შეიქმნა აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული სააღრიცხვო ბარათების საფუძველზე გალის მუნიციპალიტეტის ხუთ ეკლესიას და ერთ ციხეს- ჩხორთოლის, ოქუმის, ღუმურიშის, წარჩეს ნათლისღებისა, ჭუბურხინჯის წმ. გიორგის ეკლესიებს და წარჩეს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა; გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე- „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“, აქ წარმოდგენილი თემები გამოიცა კრებულის სახით და გავრცელდა ამ პრობლემატიკაზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო სამეცნიერო წრეებსა და ბიბლიოთეკებში;
მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის, აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის შექმნაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის სამუზეუმო ექსპონატები, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლები და საარქივო მასალები და სხვა.
1993 წლის15-16 მარტსსოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ გუმისთას მიდამოებში განხორციელებულ შეტევაში, რომელიც რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა, ჩაბმული იყო რუსეთის რეგულარული და სადესანტო ჯარები, ავიაცია, ფლოტი. აფხაზების მხარეს იბრძოდა შამილ ბასაევის ბატალიონიც. მიუხედავად ამისა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს ისეთი მარცხი მიაყენეს, რომ გუმისთას ფრონტზე აფხაზებს ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები აღარ დარჩათ და უკან დაიხიეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.
1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას თბილისის მისადგომებთან წინ აღუდგნენ ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
იუნკერებმა თავდადებული ბრძოლებით ერთხანს უკუაგდეს მტერი. თუმცა მომდევნო შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. აქვე დაიღუპა მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.
სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში კოჯრის მახლობლად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2010 წლიდან ყოველწლიურად, 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად ეშვება სახელმწიფო დროშა და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები დღეს საქართველოს ცენტრალური ხელკისუფლების წარმომადგენლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.
შეხვედრაზე CIU-ს სტუდენტებისთვის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძემ სამინისტროს პროექტები, სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.
მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა - კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე.
მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,, ახალი თაობის ხიდი“.
კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები.
კლუბის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა.
შეხვედრას სამინისტროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო მიმართულებით არსებული და დაგეგმილი პროგრამების გაცნობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ.
აფხაზეთიდან დევნილმა სტუდენტებმა სამინისტროს მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურისთვის დაწესებული სტიპენდიების, ახალგაზრდების წახალისებისა და მხარდაჭერის პროგრამებისა და მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს და პროგრამების ეფექტიანი განხორციელების შესახებ მათი მოსაზრებები გაიზიარეს.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადჩარიცხულ პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა.
სწავლის პირველ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.
მიწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ერთიან ეროვნული გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და გამწვანების აქციის ფარგლებში, ხეების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოსახლეობას შუამთობას ულოცავს.
ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული სანახაობა მოეწყო, გაიმართა საპატიო ხულოელების დაჯილდოების ცერემონია.
მაღალმთიან აჭარაში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ.
შუამთობის დღესასწაულს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მეთაური ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შუამთობა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სახალხო დღესასწაულია, რომელიც მთის ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის შენარჩუნებას ემსახურება.
მესტიაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე დაესწრო.
საგუნდო მუსიკის კონცერტი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში გაიმართა.
კაპელის მომღერალთა დასმა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე, გუნდისთვის არანჟირებული ცნობილი სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ირაკლი ბაღათურია, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება. პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის, კულტურული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მიერ ორგანიზებული გამოფენის - „აფხაზური გაზაფხული“ - გახსნას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ. მინისტრმა გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების საჭიროებას.
გახსნის ცერემონიას ასევე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ჯემალ ბასარიამ ხელოვანებს სერტიფიკატები გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გამოფენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ხსოვნას მიეძღვნა. ექსპოზიცია ფერწერულ, გრაფიკულ და ქანდაკების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს და მისი დათვალიერება პირველ მაისამდეა შესაძლებელი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ასევე ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე და მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.